პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ახალი ლოქდაუნის გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მან განმარტა მთავრობის სხდომის დაწყების წინ, კიდევ ერთ ჩაკეტვას ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს.
"მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს არის მართვის გზა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს. არც ლოკდაუნი, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის გამო, მთავრობამ 2020 წლის ნოემბერში გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც თითქმის ნახევარი წელი გაგრძელდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი იყო კვების ობიექტები, თეატრები, სპორტდარბაზები, არ მუშაობდა საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტი. მიუხედავად მასშტაბური რეგულაციებისა, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ეს მხოლოდ "წერტილოვანი შეზღუდვები" იყო.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში აიცრა 1 572 ადამიანი, სულ აცრილია - 404 339. NCDC-ის ცნობით, 26 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი